გადაიღე საქართველოში

                                               რატომ საქართველოში?       

 

პეიზაჟები: 

საქართველო მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ქედზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აზიის შესაყართან. საქართველოს რელიეფის უიშვიათესი და უმშვენიერესი ფორმები აქვს. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებია, მცირე ნაწილი - დაბლობები. მდიდარ წყლის რესურსებს ქმნის უხვი რაოდენობის მდინარეები, მყინვარები, ჭაობები, ტბები და ჩანჩქერები. წელიწადის ოთხივე სეზონი განსხვავებული კლიმატური პირობებით ხასიათდება. გვაქვს მზე, ღრუბელი, ნისლი, წვიმა, ქარი, და თოვლი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, ან ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას. ქვეყნის უნიკლაური ფლორა 13 000-ზე მეტ სახეობას ითვლის და ქვეყნის მასშტაბით ულამაზეს მცენარეთა სამყაროს ქმნის. ერთმანეთისაგან განსხვავებულ ბუნებრივ და ურბანულ არეალებს შორის მდებარეობა ქმნის უნიკალურ გეოგრაფიას ქვეყნის მცირე-ფართობიან ტერიტორიაზე.

 

 

  საქართველოს ბუნება

არქიტექტურა:

ევრაზიის დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის მდებარეობამ საქართველოში სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებული არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ჩვენ მოვახერხეთ განვითარება და, ამავე დროს, შევინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი. საქართველოს მრავალფეროვანი არქიტექტურა სხვადასხვა სტილისა და ტიპის შენობებს აერთიანებს. მათ შორისაა: III-V საუკუნეების ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ტაძრები და მღვიმეები, შუა საუკუნეების კლასიკური მონუმენტური ქვის შენობები, საბჭოური სტილის კორპუსები და თანამედროვე მინის კონსტრუქციები.

 

  არქიტექტურა

ფინანსური უპირატესობა: 

საქართველოში გადაღებას საკმაოდ სოლიდური მატერიალური წახალისება ახლავს თან. სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს კვალიფიციური ხარჯების 20%-ს, „კულტურული ტესტის“ წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, მწარმოებელს დამატებით 5%-მდე თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა. კვალიფიციური ხარჯები საქართველოში, უშუალოდ წარმოების პროცესში დახარჯულ თანხას გულისხმობს, „კულტურული ტესტის“ გასავლელად კი, შექმნილი პროდუქტი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის ელემენტებს უნდა შეიცავდეს. დეტალები იხილეთ აქ საქართველოში გამოცდილი კადრების პოვნა მარტივია. ამასთანავე, მათი დაქირავების უპირატესობა ევროპულ ბაზართან შედარებით ბევრად დაბალ ანაზღაურებაშია. საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია ყველანაირი საწარმოო ხარჯიც - კვება, ცხოვრება, ტრანსპორტირება, მასალების შეძენა და ა.შ. ექსტერიერებსა და სახელმწიფო-საზოგადოებრივი შენობების ინტერიერებში გადაღება უფასოა. სახელმწიფო ორგანოები ყოველთვის მზად არიან გადამღებ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია გაეცნოთ რამდენიმე დამატებით კომპონენტსაც, რომლებიც საქართველოში მუშაობის პერიოდს უფრო სასიამოვნოს გახდის. ესენია: უსაფრთხო გარემო, სტუმართმოყვარე ხალხი, მსოფლიოს მიერ აღიარებული სამზარეულო და სტატუსი - „ღვინის სამშობლო“.

 

კულტურა: 

საქართველო ყოველთვის მდიდარი კულტურული ტრადიციებით გამოირჩეოდა. ქართული კლასიკური ლიტერატურა სათავეს V საუკუნიდან იღებს. ადგილობრივ მხატვრობაში, დასავლურ, აღმოსავლურ და ეროვნულ ტრადიციებთან სინთეზით, უამრავი საინტერესო მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. მუსიკა ჩვენი წინაპრების ყოფითი ცხოვრების აუცილებელი ელემენტი იყო და საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა. ქართული ფოტოგრაფიის სკოლა თავის ისტორიას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყებს. ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, ძლიერი საფუძველი შეუქმნა ქართულ კინემატოგრაფიას, რომელსაც დღეს მსოფლიო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი უკავია. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი 1912 წელსაა გადაღებული, პირველი ქართული მხატვრული ფილმი კი - 1919 წელს. გამოდის, ქართული კინოს განვითარება XX საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, მსოფლიო კინემატოგრაფიის ჩამოყალიბების პარალელურად დაიწყო და მას შემდეგ არც გაჩერებულა. ქართული ფილმები საერთაშორისო არენაზე თავიდანვე დიდ წარმატებას აღწევდა, მოგვიანებით კი, თემატურ-ჟანრობრივმა ზრდამ ის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე აიყვანა. ქართული კინოს მონაპოვარია ბერლინის ვერცხლის დათვი, კანის კინო-ფესტივალის სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები, ნომინაციები ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, უამრავი მთავარი პრიზი ა კლასის საერთაშორისო კინო-ფესტივალებზე.

  კულტურა
     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Created By TbilisiProductions